ახალი ამბები

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში, პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირისა და მისი დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ.

ევროკავშირი ანხორციელებს ახალ პროექტს, საზღვრისა და მიგრაციის მართვის საკითხებში ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაზრდის პროგრამას. პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდა. საქართველოში ევრიკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის ქეთი ცუციშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციიის სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 800 000 ათასი ევროა და აქედან საგრანტო კონკურსისთვის გათვალისწინებულია მინიმუმ 300 000 ათასი ევრო. პროექტს ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად. პროექტი ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: საზღვრის ინტეგრირებული მართვა; არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ქართველი დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაცია; მიგრაციის მონაცემთა მართვის სისტემის განვითარება.

პროგრამის ფარგლებში სამინისტროში მოქმედებს „მობილურობის ცენტრი“, რომელიც დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს რეინტეგრაციის მხარდაჭერასა და არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. საზღვრისა და მიგრაციის მართვის საკითხებში ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაზრდის პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და 2017 წლის ივნისამდე გაგრძელდება.