ახალი ამბები

უბედური შემთხვევის შედეგად დედოფლისწყაროში 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში, 20 წლის გიგა ფოცხვერაშვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. როგორც სააგენტო ,,ქიზიყი” ავრცელებს ინფორმაციას, ახალგაზრდას დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, იგი ბებიასთან სოფელში სტუმრად იყო და მოხუცს ოჯახში წყალგაყვანილობის სამუშაოებზე ეხმარებოდა.

როგორც დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში აცხადებენ, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდა, რის გამოც სტაციონარში აღარ გადაუყვანიათ.

ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაცვის პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოში იხდიდა. ის ქალაქ დედოფლისწყაროში ცხოვრობდა, თუმცა სოფელ ოზაანში ბებიის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.