ახალი ამბები

დედოფლისწყაროში რთველი აქტიურ ფაზაში შედის

ტრადიციულად რთველი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და აქტიურ ფაზაში შედის. ყურძენი პირველად დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფლებში სამთაწყროსა და ფიროსმანში იკრიფება.

დღევანდელი მონაცემებით, ყურძნის ფასი 1,30 თეთრიდან იწყება, რომელიც მზარდია.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ორივე სოფელში იმყოფებოდა და ჩაბარების პროცესს ადგილობრივ მოსახლეოვასთან ერთად პირადად დაესწრო. გამგებლის განცხადებით, ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება, მათ შორის დაზიანებული ყურძენიც ჩაბარდება.

”სოფელ ფიროსმანში შავი ყურძნის ჩაბარება უკვე მთავრდება, აქტიურად დაიწყო რთველი სოფელ სამთაწყაროშიც. ჩაუბარებელი არ დარჩება ერთი მტევანიც კი – მათ შორის დაზიანებული ყურძენიც, რომელიც 1 ლარად ჩაბარდება. საღი ყურძნის ფასი კი დღეისთვის 1,3 ლარს შეადგენს და აქვს მზარდი ტენდენცია,”- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ წელს სუბსიდიის სახით რქაწითელზე 35 თეთრი, ხოლო საფერავზე 15 თეთრი დააწესა, იმ პირობით თუ ქარხანა ყურძენში მინიმალურს 1 ლარს გადაიხდის, მთავრობის ამ ნაბიჯით ყურძნის მინიმალური ფასი 1 ლარით განისაზღვრა.