ახალი ამბები

16 აგვისტოდან აზერბაიჯანში ავტომობილებით შესვლაზე შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს შს სამინისტროს განმარტებით, “ევრო 4” (EURO 4) სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისას შესაბამის ანგარიშზე შეიტანს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების 30%-დან 40%-მდე საგარანტიო თანხას. აღნიშნული თანხა მას მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან, კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა აზერბაიჯანის მოქალაქის წერილობითი თანხმობა, რომლითაც იგი იღებს პასუხისმგებლობას, “ევრო 4”-ის სტანდარტის არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.
აზერბაიჯანმა 2014 წლის იანვარში მიიღო კანონი “ევრო 4”-ის სტანდარტებზე გადასვლის თაობაზე.