ახალი ამბები

დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო

მარიამობის მარხვა ორი კვირის განმავლობაში, 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება . მარიამობის მარხვა მძიმეა. მორწმუნეებს თევზის მიღება მხოლოდ ფერიცვალებას, 19 აგვისტოს შეეძლებათ. 
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებულია. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
ეკლესიის ისტორიაში მარიამობის მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის შემოყვანების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც სავარაუდოდ მე-9 საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. წირვის დასრულების შემდეგ ტაძრებში ასევე აიაზმა ანუ წყალკურთხევა სრულდება. 
საეკლესიო გადმოცემით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა ჩვეულება. ამის მიზეზი აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება იყო.