ახალი ამბები

თელავში დღეს ლუდის ფესტივალი გაიმართება

ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი ტრადიციულად კომპანია „ნატახტარია“.

ფესტივალის ბარი არის საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებულია სპეციალური ვალუტა – ლუდის მონეტა. მსურველები ადგილზე შეიძენენ მონეტებს, ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან გადაცვლიან სასურველ ლუდში. ერთი მონეტის  ფასია 1.50 ლარი. გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრება ლუდის სმაში და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის.
 
თელავშიც, რუსთავისა და თბილისის ანალოგიურად ფესტივალს „შავფაროსნები“ გახსნიან. „ნატახტარის ლიმონათის“ კუთხეში ანიმატორები ბავშვებს გაართობენ მრავალფეროვანი თამაშებით.
 
წლევანდელ ლუდის ფესტივალზე, ტრადიციულად საინტერესო მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული მომღერლები და ჯგუფები: დათო ილურიძის ბენდი;  Friendly Mosquito;  გობლინები; Latino Boyes; ჯგუფი „ყველა“; ანი კეკუა; ფრანი.
 
წელს ლუდის ფესტივალზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ნატახტარი“, „კოზელი“, „მთიელი“, „ეფესი“ და „კაიზერი“.