ახალი ამბები

რა ბედი ელის ერეკლე მეფის სასახლეს და როგორი იქნება ისტორიული მუზეუმის ახალი პროექტი

როგორც ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გურამ ურჩუხიშვილი აცხადებს, პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სასახლის რეაბილიტაცია დამტკიცდა, სადაც ზუსტად და ზედმიწევნით არის გათვალისწინებული ყველა თელაველის მოთხოვნა.

,,პროექტი დამტკიცდა როგორც სასახლის ისევე ისტორიული მუზეუმის. ტენდერი გამოცხადებულია უკვე და დასრულდება თვის ბოლოს. ამის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია და დაიწყება უკვე ხელშეკრულების გაფორმება კულტურის სამინისტროსთან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. ალბათ ეს პროცედურები გაგრძელდება აგვისტოს თვემდე. ანუ აგვისტოში ყველა ვარიანტში სასახლის რეაბილიტაცია უკვე დაიწყება. რაც შეეხება ისტორიული მუზეუმის პროექტს ესეც დამტკიცებულია, მხოლოდ ჩასატარებელია ტენდერი.’’

შეგახსენებთ, ერეკლე მეფის სასახლე, რადგან უკვე წელიწადზე მეტია, რაც მიმდინარეობს მსჯელობა მეფის სასახლეზე, თუ რა შეიძლება მოუხერხდეს იმ სივრცეს, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანდა.

მასში აქტიურად არიან ჩართული სპეციალისტები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მესვეურები, ადგილობრივი ხელისუფლება. თელავის კულტურის სამსახურის უფროს ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით,  მეფის სასახლე, შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერთ წელზე მეტია დაკეტილია. მისივე თქმით, ქალაქში მყოფ დამსვენებლებს არ ეძლევათ საშუალება, დაათვალიერონ მუზეუმი.

-,,ერეკლე მეფის სასახლე ყველაზე მეტად დაზარალდა იმ თვალსაზრისით, რომ ყოველდღიურად გულდაწყვეტილს ვუშვებთ ყველა იმ სტუმარსა და ტურისტს, რომლებსაც სურთ, დაათვალიერონ ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მესვეურები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მსჯელობენ, თუ რა შეიძლება, მოუხერხდეს იმ სივრცეს, რომელიც რეაბილიტაციის შემდეგ დაზიანდა“.