ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი- “აწარმოე საქართველოში” უნიკალური შანსია ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღეზე, მეწარმეებს ახალი სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, დღეს გაიმართა შეხვედრა ბიზნესის ძალიან ფართო წრეების წარმომადგენლებთან, სადაც ისაუბრეს პროგრამაზე “აწარმოე საქართველოში”.

“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მოვიდა. ამ შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მინდა ვთქვა, რომ ეს პროგრამა არის მართლაც უნიკალური შანსი ყველა დამწყები ბიზნესმენისთვის, რომ საკუთარ გეგმებს ხორცი შეასხან და ჩამოაყალიბონ ახალი საწარმო ობიექტები, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო და პროდუქტიული შეხვედრა იყო”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესმენები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და ა.შ.

პროგრამის ბიუჯეტია 46 მილიონი ლარი.