ახალი ამბები

მთავრობა საწვავის გაიაფებას არ გეგმავს

საწვავზე ფასი არ დაიკლებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ საწვავზე აქციზის გადასახადი ამ ეტაპზე საგადასახადო პოლიტიკის ნაწილია და მისი გაუქმება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი commersant.ge–სთან აცხადებს, რომ თუ საგადასახადო პოლიტიკა შეიცვლება და ამოქმედდება სუბსიდირების სხვადასხვა მექანიზი, რაც აქციზის, დღგ–ს ან სხვა გადასახადის გაუქმებაში გამოიხატება, ეს ბუნებრივია, ნავთობპროდუქტის ფასზეც აისახება, თუმცა ბიუჯეტის ხარჯზე.

„თუ ყველაფერი გავათავისუფლეთ გადასახადისგან, გამოდის, რომ ბიუჯეტს სერიოზულად ვაზარალებთ. არა მგონია, უახლოესი რამდენიმე წელი სოციალურ–ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკაზე გადავიდეთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობას გაზის 8 თეთრით, ხოლო საწვავის 20–დან 25 თეთრამდე გაიაფებას ჰპირდება. აღნიშნულის მიღწევას კი ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაუქმებით აპირებს. 

“ნაციონალური მოძრაობის” გათვლებით, საწვავსა და გაზზე აქციზის გადასახადის გაუქმებით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 200–დან 250 მლნ ლარამდე დააკლდება.