სტატიები

130 ჰექტარი გასხვისებული მიწა და საძოვრების გარეშე დარჩენილი წნორელები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში მცხოვრებლები, ინდოელებზე უკანონოდ გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. მათი განცხადებით, 130 ჰექტრამდე საძოვარი ყოფილი ხელისუფლების დროს ფარულად ჯერ კერძო პირებს, რამდენიმე თვის წინ კი – ინდოელ ფერმერებს მიჰყიდეს. ადგილობრივების თქმით, მიწა, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარეობს, დარღვევებით გადაეცა კერძო პირს, 1993 წლიდან ამ ადგილას ნახირი დადიოდა.

მათივე თქმით, წნორში თავისუფალი მხოლოდ 15 ჰექტარი მიწაა, რომელიც საკმარისი არ არის, რომ ყველამ თავისი პირუტყვი აძოვოს.
ლენა კოქტევაია, წნორის მკვიდრი:
-,,ჩვენ სადავო გაგვიხდა სოფლის საძოვარი, რომელიც 1992 წლიდან მოსახლეობას ბრძანებით გადაეცა და კანონიერი უფლებებით ვამუშავებდით, იქამდე სანამ დაიწყო საიჯარო ხელშეკრულებები. იმ დროიდან დაიწყო ჩვენი საძოვრების ყოფნა-არყოფნის საკითხიც. ახლა კი გაირკვა, რომ საძოვრები ინდოელებს მიჰყიდეს მთლიანად, მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთი, 15 ჰექტარი დარჩა, რომელსაც არავინ ჯერ არ გვედავება და შეგვიძლია, იქ ვაძოვოთ პირუტყვი, მაგრამ, საკმარისი არ არის. ახლანდელი მფლობელები გვერდით არსებულ მიწასაც მოხნავენ, დათესავენ და იმ პატარა მონაკვეთზეც ვეღარ შევა ძროხა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს საკითხი გაირკვას თავიდან ბოლომდე და გვითხრან სათანადო პასუხი, რამდენად კანონიერი იყო მიწის გასხვისება. ძალიან ბევრი ოჯახი მეცხოველეობას მისდევს, ზოგიერთი ოჯახისათვის კი, ერთადერთი შემოსავლის წყაროა.’’

წნორელების განმარტებით, მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა ქართველმა, მიწა იყიდა, შეჰპირდათ, რომ საძოვრის პრობლემა აქ არ შეექმნებოდათ, მაგრამ მიწის ახლანდელი მფლობელები-ინდოელები საძოვრებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ და საქონელს ტერიტორიაზე აღარ უშვებენ.

ავთანდილ მათეშვილი, წნორის მკვიდრი:
-,,გაგვიჭირდა, ადგილი არ გვაქვს, სადაც პირუტყვს მოვაძოვებთ, ეს ჩემი ოჯახის შემოსავალის ერთა¬დერთი წყაროა. საძოვრები აღარ გვაქვს, სამი ძროხა მყავს და ახლაც მშივრები არიან.’’

მერაბ ჯავახიშვილი, წნორის მკვიდრი:
-,,ინდოელები საძოვრებზე ძროხების შეყვანას გვიკრძალავენ, გვეუბნებიან ეს ადგილი ჩვენია, ვიყიდეთო. ის 15 ჰექტარი, რაც არის დარჩენილი, საკმარისი არ არის. აქ მეცხოველეობას მისდევს ხალხი და ზოგს სახლში 10-15 სული ძროხა ჰყავს. ჩვენ მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ სოფლის კუთვნილი საძოვრები, სახლში ბავშვები გვყავს და იმათ გამოკვება უნდათ!’’

იზა ალადაშვილი:
-,,საძოვრიდან რომ მოჰყავთ პირუტყვი, ნახევრად მშიერია და რძესაც არ იწველის. მოვითხოვთ, დაგვეხმარონ და მოგვცენ ადგილები.’’

როგორც წნორელები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ინდუსები ამ მიწის დამუშავებას აპირებენ, გამუდმებით ცდილობენ, დაადგინონ სადავო მიწის ნაკვეთის ახალი მფობელების საკონტაქტო ინფორმაცია, იმისთვის, რომ დაპატიჟონ მოლაპარაკების მაგიდასთან. მათი თქმით, სოფლელების მთავარი მოთხოვნაა, რომ ინდოელებმა შეაჩერონ სოფლის საძოვრების მოხვნა და მოსახლეობას დაუბრუნდეს.

„სხვა რა გავაკეთოთ, ავდგებით და ჩავალთ, იქნება ხვნა აღარ გააგრძელონ. ავუხსნით, რომ ეს ჩვენი საძოვარი იყო. თუ ვერ გავაგებინეთ, წინააღმდეგობასაც გავუწევთ. სოფლის მოსახლეობა აქ ძროხებს აბალახებს და ამის გამო შესაძლოა, პირუტყვი დაგვეხოცოს, რა უნდა ვქნათ, მერე რითი ვიარსებოთ? “ – აცხადებს წნორელი.

გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას ინდოელებმა წნორელ ფერმერებს აცნობეს, რომ მიწას, სადაც ისინი წლების განმავლობაში ოჯახების მარჩენალ პირუტყვებს აძოვებდნენ, საძოვრებად ვეღარ გამოიყენებენ, რადგან მიწის ნაკვეთის მოხვნას აპირებენ.ინდუსებმა ასევე მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განმარტეს, რომ მათ აქვთ ყველა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ისინი ათეულობით წლების მანძილზე სოფლის საძოვრად წოდებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ, როცა ინდუსებმა სოფლის ე.წ საძოვრები შეისყიდეს, მიწის ფართობს ჰქონდა საძოვრის სტატუსი, ხოლო მაისში, მას შემდეგ რაც მარტში სოფელმაც გამართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, მიწის ნაკვეთს საჯარო რეესტრმა შეუცვალა საძოვრის სტატუსი და სახნავ-სათესის დანიშნულებაში გადაიყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივას“ წარმომადგენელი ნანა ბაგალიშვილი აცხადებს, რომ ისინი გვერდში დაუდგებიან ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით დაეხმარებიან.
 -,,მოსახლეობას წაართვეს საძოვრები და მათ არ აქვთ ალტერნატიული ადგილი, სადაც პირუტყვს მოაძოვებენ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მოსახლეობას უთხრეს, რომ თქვენ ეს ძროხები შეგიძლიათ ატაროთ ტყეშიო, მაგრამ ეს წარმოუდგენელია, რადგან, რამდენადაც გლეხებთან საუბრის დროს გამოიკვეთა, 60-ზე მეტი ძროხის მოწყემსვა ძალიან ძნელია. მფლობელმა მიწა ინდოელებს მიჰყიდა, რომლებმაც უკვე მიწის დამუშავება დაიწყეს და მოსახლეობას არ აქვს საშუალება, საძოვრებად გამოიყენოს. გლეხებისთვის საძოვრების წართმევა, ნიშნავს საარსებო წყაროს დაკარგვას, ამიტომ მხარს ვუჭერთ მათ. ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა ფერმერებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიწათმოწ-ყობის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან (საძოვრებიდან) 80 ჰექტარზე მეტი გასხვისებულია, რეესტრში გატარებულია, დაახლოებით 19 ჰექტარი კი, არ ჩანს, ვის საკუთრებაშია. მხოლოდ ამ მიწის ნაკვეთზე აბალახებენ ძროხებს, ესღაა მოსახვნელი. ამ 19 ჰექტარი მიწის ნახაზი შეადგინეს და საჯარო რეესტრმა გააგზავნა თბილისში, იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში იმისთვის, რომ დაადგინონ გასხვისებულია თუ არა 19 ჰექტარი მიწა. პასუხის მიღებას ოთხი დღე სჭირდება.”

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელ რამაზ პოპიაშვილის განცხადებით, საქმე გამოსაძიებელია და ყველა ის პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მკაცრად დაისჯება.

-„როდესაც აეროპორტის კომპლექსი დაიშალა, სადავო საძოვარი გადაეცა სოფელ საქობოს, ამის შემდეგ პირუტყვი იქ ძოვდა. ეს ადგილი შპს ,,აეროპორტის’’ ტერიტორიაზე იყო. 90-იან წლებში მიწები გარკვეულ პირებს იჯარით გადაეცათ, რომლებმაც შემდეგ ის დაიკანონეს. აქ, სადღაც იკვეთება პირების ბრალეულობა. უნდა გაირკვეს, რატომ გასხვისდა მიწები, კანონიერი იყო თუ არა და სხვა. ეს ძიების საგანია. ეს მოხდა წინა ხელისუფლების პერიოდში.მას შემდეგ, რაც მიწები ინდოელებმა იყიდეს, პრობლემა გახდა, რადგან მათ ამ ადგილას მოსავლის მოყვანა უნდათ. ჩვენ ამ ხალხს ყველანაირად გვერდში დავუდგებით და რამე გამოსავალი მათ დასახმარებლად აუცილებლად გამოიძებნება.“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მჭედლიშვილის თქმით, მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნა მიწების შენარჩუნებასთან დაკავშირებით წინა მთავრობამ არ გაითვალისწინა, რასაც საძოვრების დაკარგვა და უამრავი პრობლემა მოჰყვა.

-,,ჩემი მითითება, რომ აქ მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო მეცხოველეობა და პირუტყვი, ყურად არ იღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და ნელ-ნელა გაიყიდა მიწა. ბოლოს ამ კომპლექსში შემავალი 114 ჰექტარი მიწა იყო დარჩენილი და ცენტრალურ ხელისუფლებას, წერილს წერილზე ვუგზავნიდი, სადაც ვწერდი, რომ, თუ მიწა გასხვისდებოდა, მოსახლეობა საძოვრის გარეშე დარჩებოდა. ეს მიწას ჯერ იჯარით გასცეს, მერე საკუთრებაში მისცეს კერძო პირებს. ამ ყველაფერში კი, ადგილობრივი ხელისუფლება იყო დამნაშავე. საჭიროა, პრობლემის მოსაგვარებლად საქმე სამართლებრივად იქნეს განხილული. აუცილებელია, მივმართოთ პროკურატურას და საქმის თავიდან შესწავლა შევძლოთ, თითოეული დოკუმენტი უნდა გადაიხედოს და, თუ დარღვევებია, სათანადოდ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინა. მოვუწოდებ მოსახლეობას, ერთად მივმართოთ პროკურატურას.’’