ნელი ცქიტიშვილი: მხარი დაგვიჭირეთ ქალ კანდიდატებს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნელი ცქიტიშვილი თესაუს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.

ცქიტიშვილს 30 წლიანი ჟურნალისტური და აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის გაჶმოცდილება აქვს, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეა. ნელი ცქიტიშვილი ხმამაღალ წინასაარჩევნო დაპირებას არ აძლევს ამომრჩევლებს, თუმცა სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ჰპირდება. რა იქნება ამომრჩეველთან კანდიდატის მთავარი საარჩევნო გზავნილი და რა ინიციატივებს შესთავაზებს საკრებულოს მოსახლეობაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად?

გაზეთმა “კახეთის ხმამ” თესაუს საინიციატივი ჯგუფის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

-გავაცნოთ თქვენი კანდიდატურა თელავის ფართო საზოგადოებას. გვიამბეთ თქვენს სამუშაო გამოცდილებაზე, გაგვაცანით ბიოგრაფია და რას გამოყოფდით თქვენი წარსულიდან?

-დავიბადე თელავში, სოფელ შალაურში; დავამთავრე თელავის მე-2 საშუალო სკოლა; ვარ ფილოლოგიის დოქტორი, თუმცა ჩემი ძირითადი პროფესია და საქმიანობა მოიცავს ჟურნალისტიკას: ვმუშაობდი გაზეთში, ტელევიზიაში, რადიოში. ჟურნალისტური მოღვაწეობიდან გადავინაცვლე სამეცნიერო სფეროში ათ წელზე მეტია, ვმუშაობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი (უკვე მეოთხესაც ველოდები). ცხოვრება მუდმივად გვთავაზობს სიხარულს და ტკივილს, მარცხს და წარმატებას, შეცდომებს და სინანულს. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი და ყველა ეს განცდა საკუთარ თავზე გამომიცდია, თუმცა ჩემთვის დამახასიათებელ რამდენიმე თვისებას გამოვყოფ, რომელმაც არ მომცა ხელის ჩაქნევის უფლება: ვარ მებრძოლი და იმედიანი ადამიანი, რაც მაძლევს ძალას გავაგრძელო ცხოვრება და დავეხმარო გარშემომყოფთ.

– 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე თქვენ იყავით “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ არ ხართ მმართველი პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი? არ იყო მსგავსი შემოთავაზება კოალიციიდან?

– საპარლამენტო არჩევნების შემჶდეგ აღარ მქონია ურთიერთობა არც პოლიტიკურ ორგანიზაციასთან და არც “ქართული ოცნების” შტაბთან. შემდგომ იყო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ, ჩანს, აღარ დასჭირდათ ჩემი დახმარება, თანაც უკვე სარისკო საქმე აღარ იყო “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა და საქმიანი გამომეტყველების ბევრი ადამიანი და “გულშემატკივარი” გაჩნდა უცბად, რომლებიც არჩევნების მეორე დღიდან. აღარ მოშორებიან შტაბს და ახალ ხელისუფლებას. ადგილობრივ არჩევნებზე თელავში ისეთი ადამიანები არიან მმართველი კოალიციის პროპორციულ სიაში, მათ უმრავლესობას ვერც კი ვიცნობ. გარდა ამისა, პროტესტის განცდა მაქვს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის მიმართ, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანები თანამდებობებზე ნაცნობ-მეგობრობით ან პარტიული ნიშნით ინიშნებიან და არა გამორჩეული პროფესიული უნარ-ჩვევებით. ჩემთვის მთავარია, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება სწორად განვითარდეს, რასაც გამოცდილი და განათლებული ადამიანური რესურსი სჭირდება, როგორც ადგილებზე, ისე სათავეში. კოალიციიდან არა, მაგრამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან მქონდა შემოთავაზება მათი სიით ვყოფილიყავი დეპუტატობის კანდიდატი. მე მათ მადლობა გადავუხადე და უარი ვთქვი შემოთავაზებაზე. მინდა, მარტო წარვსდგე არჩევნებზე  მე და ჩემი თანაქალაქელები, ყოველგვარი გავლენიანი ადამიანებისა და პარტიის მფარველობის გარეშე; მსურს, პირადად ვიყო პასუხისმგებელი ჩემი ამომრჩეველის წინაშე. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბევრს ჰპირდებიან ამომრჩევლებს, თუმცა, ხელისუფლებაში მისულებს დაპირების გახსენება კი არა, ამომრჩევლებთან ურთიერთობაც კი ეზარებათ. სწრაფი ცვლილებებია საჭირო, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ითხოვს რადიკალური ზომების გატარებას, ეკონომიკურ განვითარებას, საწარმოების გახსნას, რომ ადამიანები დასაქმდნენ და მათი ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს. სტუდენტები ვერ იხდიან სწავლის ქირას, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში არიან მათი ოჯახები. მე ძალიან მაწუხებს ეს საკითხი.

– არჩევნებამდე დარჩენილია ერთ თვეზე ნაკლები დრო. დაიწყეთ თუ არა მოსახლეობასთან შეხვედრა. რა იქნება თქვენი მთავარი საარჩევნო გზავნილი, მთავარი საარჩევნო დაპირება?

-ალაზნის გამზირზე და კავკასიონის ქუჩაზე მოსახლეობა ძირითადად კორპუსებში ცხოვრობს. მინდა, მივიდე თითოეულ კორპუსში და გავესაუბრო თითოეულ ადამიანს, პირადად მოვისმინო მათი პრობლემები. ვაწარმოებ კვლევას, რა სჭირდება მოსახლეობას, რათა ეს ჩემს საარჩევნო პროგრამაში ავსახო და მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, აუცილებლად გავითვალისწინო. ვაპირებ ვიმუშაო ქალებისა და ახალგაზრდების პრობლემებზე, მათი განათლების და დასაქმების კუთხით. მსურს, მოსახლეობის ინტერესები და მოთხოვნილებები ზუსტად იყოს ასახული ბიუჯეტში; ვითანამშრომლებ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო სექტორთან იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამებსა თუ პროექტებზე, რათა ჩაერთოს მათში და გახდეს ცვლილებების მონაწილე. ჩემი საარჩევნო გზავნილიც ეს იქნება: ერთად- სასიკეთო ცვლილებებისკენ. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით – ამომრჩეველი და მაჟორიტარი დეპუტატი, ხელისუფლება და საკრებულო, ძალიან რთული იქნება ცვლილებების განხორციელება. ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა თვითმმართველობაში, საკუთარი ქალაქისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების პროცესში. წეღანაც ვთქვი და გავიმეორებ: საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება. ყველა ხელისუფლების სუსტი წერტილი სწორედ საზოგადოებასთან ნაკლები კომუნიკაცია და ურთიერთობაა. საკრებულოს დეპუტატს მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს საკუთარ ამომრჩეველთან და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ. გარანტიას ვაძლევ ჩემს მხარდამჭერებს, რომ არასოდეს ვიქნები გულგრილი მათი სიხარუჶლისა თუ გასაჭირის მიმართ.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ სწავლობთ მოსახლეობაში არსებულ პრობლემებს. თუ გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემები და რა ქმედით ღონისძიებებს გაატარებს ნელი ცქიტიშვილი მათს მოსაგვარებლად?

-დაახლოებით ოცი წელი ვცხოვრობდი ალაზნის გამზირზე და ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქის ამ ნაწილში არსებულ პრობლემებს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა მოსახლეობისათვის წყლის მიწოდება გრაფიკის გარეშე. მახსოვს, ე.წ. ჭოჭონაქის მეშვეობით როგორ ვეზიდებოდით ზედა სართულებზე წყალს. თანდათან მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ წყლის მიწოდება გრაფიკით კვლავ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. როდესაც ადამიანი დასაქმებულია, ძნელია მან წყლის საკმარისი მარაგი აიღოს. სერიოზული პრობლემაა გარემოს დაბინძურება. უნდა დაირგას ბევრი მწვანე ნარგავი, გაკეთდეს სკვერები, გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა. ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს ნაგვის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, რათა თავიდან ავირიდოთ გარემოს კიდევ უფრო დაბინძურება. მოსახლეობამ სუფთა გარემოში უნდა იცხოვროს და სუფთა ჰაერით ისუნთქოს. უპირველესი პრობლემა მაინც დასაქმებაა. მე მათ დასაქმებას ვერ შევპირდები, ტყუილი გამომივა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ ადამიანებს გზა გავუკვალო, ვასწავლო, მივაწოდო ინფორმაცია, თუ როგორ და სად შეიძლება დასაქმდნენ. დასაქმების მხრივ, არსებობს სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროექტები, რომელზეც მოსახლეობას წარმოდგენაც არ აქვს; ხელისუფლებამ, სხვადასხვა ფონდმა და ორგანიზაციამ უკვე დაიწყო მუშაობა მცირე ბიზნესის, სამეწარმეო გაერთიანებების შექმნის და დაფინანსების პროგრამებზე, რომლებშიც უნდა ჩავრთოთ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ნაცნობ-მეგობრები. რამდენი ადამიანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, პენსიონერი, შრომის უუნარო, სოციალურად დაუცველი. ვიცი, რომ კავკასიონის ქუჩაზე იძულებით გადაადგილებული ბევრი ადამიანი ცხოვრობს, – თავისი პრობლემებით და გასაჭირით. მოკლედ, ძალიან ბევრი პრობლემაა, როგორც ქვეყანაში, ისე ჩვენს ქალაქში და მის მოგვარებას, ხელისუფლებასთან ერთად, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა სჭირდება.სულ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ვსაუბრობთ და ძალიან მინდა ერთი სურვილი გაგიმხილოთ მსურს თელავში იყოს ადგილი, სადაც ახალგაზრდები დაისვენებენ, გაერთობიან, სხვადასხვა საინტერესო კულტურულ თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს მოაწყობენ. ამ საკითხს ყველა დონეზე დავაყენებ და დავუჭერ მხარს ქალები ნაკლებად არიან ჩართულნი პოლიტიკაში.

-სხვადასხვა გამოკვლევის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკრებულოში წარმოდგენილი დეპუტატებიდან მხოლოდ 3%-ია ქალი. რა ინიციატივას შესთავაზებთ საკრებულოს პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდის მიზნით?

-პოლიტიკაშიც გაბედული ქალებია საჭირო და ჟურნალისტიკაშიც. ჩემთვის უფრო კომფორტულია უნივერსიტეტში სტუდენტებთან ურთიერთობა. გეტყვით, რომ, როდესაც ჟურნალისტი ვიყავი, გაცილებით ძნელი იყო პატარა ქალაქში მუშაობა, ვიდრე თბილისში, თუნდაც “კვირის პალიტრაში”, სადაც ყველა ერთმანეთის ნაცნობი და მეგობარი არ არის. შესაბამისად, კრიტიკულ წერილსაც შენს ქალაქში, შენი ნაცნობი უფრო მწვავედ იღებს. ამის გამო ხშირად გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი. არც მაშინ ვიყავი დალხენილი, როდესაც ვიყავი გაერთიანებულ ოპოზიციაში იყო 7 ნოემბერი, იანვრის საპტროტესტო აქციები. (სხვათა შორის, იმ პერიოდში, 2008 წელს, პარლამენტის დეპუტატობის კანჶდიდატიც ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის პროპორციული სიით, თუმცა ამან ვერ შეუშალა ხელი ჩემს გათავისუფლებას სამსახურიდან არჩევნების მეორე დღესვე, 22 მაისს, როცა ჯერ კიდევ მიცავდა კანდიდატის იმუნიტეტი); ბოლო წლებში, თითქმის ყველა არჩევნებზე, ვმუშაობდი ოპოზიციური პარტიის თუ კოალიციის საარჩევნო შტაბში. ბევრი მანდილოსანი იყო ჩართული ამ პროცესში, მაგრამ ქალებს ასრულებინებდნენ ე.წ. შავ სამუშაოს: უნდა დაერიგებინათ საარჩევნო ბუკლეტები, ევლოთ კარდაკარ, გაეწიათ აგიტაცია, დასწრებოდნენ შეხვედრებს და ა.შ. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენციაა, როდესაც გამარჯვებული ძალა მოდის ხელისუფლებაში, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე ძირითადად მამაკაცები ინიშნებიან და ავიწყდებათ ის ქალბატონები, რომელთა დიდი შრომის შედეგადაც მიაღწიეს წარმატებას. ქალები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში და შესაბამისად წამყვან პოზიციებზე, თანამდებობებზე და არა – “კულისებში”. უნდა დაიმსხვრეს ის სტერეოტიპი, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში იყოს, მიხედოს ოჯახს. რა თქმა უნდა, ქალბატონებს აქვთ თავიანთი ვალდებულება ოჯახის, შვილების და შვილიშვილების წინაშე, მაგრამ ცხოვრება უკეთესი ვერ გახდება, სათანადოდ ვერ განჶვითარდება, თუ ქალი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად არ ჩაერთვება. ვეცდები, წავახალისო ის ქალბატონები, რომლებსაც აქვთ ინტელექტუალური რესურსი, სათანადო განათლება და სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის განცდა.

– რატომ უნდა მოგცეთ ხმა ალაზანი-კავკასიონის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველმა? ასეთ კონკურენციაში რა არის თქვენი მთავარი დადებითი მხარე, რომელიც გამოგარჩევდათ სხვა კანდიდატებისაგან?

-აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ვარ დამოუკიდებელი, უნივერსიტეტის საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული დეპუტატობის კანდიდატი ჩემი განათლებით, პოლიტიკური გამოცდილებით და დიდი სურვილით – უკეთესობისკენ შევცვალო ჩემი ქალაქის და თანაქალაქელების ცხოვრება. ამ საარჩევნო უბანში ჩემი მეზობლები, კოლეგები, სტუდენტები, ნაცნობ-მეგობრები ცხოვრობენ. ვფიქრობ, რომ მათი სახით მყავს მხარდამჭერები, რომლებსაც სჯერათ ჩემი: იციან, რომ არასოდეს დავაღალატებ, არასოდეს გაჭირვებაში არ მივატოვებ, პრინციპულად დავიცავ მათ ინტერესებს; მაქვს განუზომელი სიკეთის და თანადგომის განცდა ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მიმართ. წყენას და შურისძიებას გულში არ ვიტოვებ. ჩემს პიროვნულ ღირსებად მიმაჩნია სამართლიანობა და მუდმივი მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად. მჯერა, რომ ალაზნის გამზირის და კავკასიონის ქუჩის მცხოვრებლები ნდობას გამომიცხადებენ, რაც მომცემს შესაძლებლობას, საკრებულოში ვიყო თითოეული მათგანის წარმომადგენელი, მათი ინტერესების დამცველი და არა რომელიმე პარტიის უტყვი მხარდამჭერი. 

სტატია მომზადებულია გაზეთ „კახეთის ხმისა“ და „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანამშრომლობისათვის“ „აირჩიე ქალები პოლიტიკაში“ პროექტის ფარგლებში