ბლოგები

მატილდას მიკედლებული სიღნაღის ქუჩის ცხოველები

სიყვარულის ქალაქის ერთი ძველებური სახლის ჭერს ოთხ მოსახლესთან ერთად 16 კნუტი, 6 კატა, 6 ძაღლი და 5 ლეკვი იყოფს.

მატილდას თავშესაფარი, ასე იცნობენ ადგილობრივები სახლს, სადაც მატილდა მირზოევი მოხუც დედასთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ენთუზიაზმის ხარჯზე ზრუნავს უსახლკარო ცხოველების გადარჩენაზე.

საოჯახო ტიპის ცხოველთა თავშესაფარს ახალი ბინადრებიც ჰყავს. „იმ დღეს ყუთით 5 კნუტი ვიღაცას ქუჩაში დაუსვია, აკანკალებდათ, ჩემ ბედზე გავედი, გადავეყარე და სახლში შემოვიყვანე. იმათ ახლა ჩემი დედა კატა ძუძუს აჭმევს და ზრდის“ -ამბობს მატილდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არცერთ სამსახურს არ ევალება მაწანწალა ცხოველების მოვლა-პატრონობა, მონაცემთა ბაზის შექმნა ან სხვა ზომების მიღება“ განმარტავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ პოპიაშვილი.

ამიტომ, მატილდას მზრუნველობაში მყოფ მიტოვებულ ცხოველებს ძალიან გაუმართლათ. თავშესაფრის მობინადრე ძაღლები და კატები ყოველდღიურად იღბენ ოჯახში დამზადებულ წვნიას, პურს და ყველა საჭირო ვაქცინაციას/მედიკამენტს.

„ეს ძაღლები გაქუცულები იყვნენ, ბეწვი არცერთს არ ჰქონდა და აი, მატილდამ მოარჩინა“ -ამბობს სიღნაღის მაცხოვრებელი. ბიჭიკო, მურა, პიშკა, კოჭლი, ტაჟღუნა – ეს იმ ძაღლების სახელებია, რომლებიც მატილდას დახმარებით ქეცისგან განიკურნენ.

მიტოვებულ ცოხველთა რეაბილიტაციასა და გადარჩენაში ოჯახს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, არც ადგილობრივი მოსახლეობა/მეზობლები არ ეხმარებიან . ამიტომ, ერთმა უცხოელმა გულშემატკივარმა ურჩია გაეკეთებინა შესაწირი ყუთი წარწერით – „HELP ENIMAL” და სიღნაღის ბულვარში/პარკში, იმ მაგიდასთან დაედგა, სადაც მატილდა და დედამისი ჩურჩხელებს, ჩირებს და ტყლაპებს ჰყიდიან. შესაწირი ყუთის იდეამ იმუშავა, ახლა დაუცველ ცხოველებს 1 ტომარა პედიგრიც აქვთ.

შეკედლებულ ცხოველებს ერთი ტომარა პედიგრი კიდევ რამდენ ხანს ეყოფათ მატილდამ ზუსტად არ იცის. ამიტომ, მას სურს კატები და ლეკვები სანდო ადამიანებზე გააჩუქოს. ამასთან ერთად, საოჯახო ცხოველთა თავშესაფრის ერთ-ერთი მობინადრე კატა ყოველთვის ბევრ კნუტებს მშობირობს და ახლა მატილდა ცდილობს, გამონახოს გზა და მოახერხოს მრავალკნუტიანი კატის სტერილიზაცია.

პ.ს.
იმ შემთხვევაში თუ გაგიჩნდებათ სურვილი დაეხმაროთ(ფიზიკურად/ინფორმაციით/საკვებით/ფინანსებით/პროდუქტებით ან სხვა) მატილდას მიკედლებულ მიტოვებულ ცხოველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
mail:
chemisofeli@live.com
ტელ: 598 793421